Friday, January 15, 2010

ინდური მითოლოგია




ინდუსთა ღმერთების მითოლოგია ერთ–ერთი უმდიდრესია მსოფლიოში.რთული ბუნება ისეთი დიდი ღმერთებისა, როგორიცაა შემოქმედი ბრაჰმა, მხსნელი ვიშნუ და გამანადგურებელი შივა, შემოქმედებით, თავგადასავლებითა და რომანტიკით აღსავსე მრავალ მითშია გათამაშებული. ამ მითებში თავად ინდუიზმის დახვეწილი და კეთილშობილური სულია განსახიერებული.ღმერთებს მრავალი ინდური ტექსტი ასხამს ხოტბას და ზოგი მათგანი, მაგალითად, რიგ ვედა, ძალზე გრძელია. ეს ტექსტი, ახ.წ. XIX საუკუნის ბოლოდან "შრი ბჰაგავატა პურანა", იმ ვედების ბოლოდროინდელი ვერსიაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა.

ინდური მითოლოგია


ინდუსთა ღმერთების მითოლოგია ერთ–ერთი უმდიდრესია მსოფლიოში. რთული ბუნება ისეთი დიდი ღმერთებისა, როგორიცაა შემოქმედი ბრაჰმა, მხსნელი ვიშნუ და გამანადგურებელი შივა, შემოქმედებით, თავგადასავლებითა და რომანტიკით აღსავსე მრავალ მითშია გათამაშებული. ამ მითებში თავად ინდუიზმის დახვეწილი და კეთილშობილური სულია განსახიერებული. ღმერთებს მრავალი ინდური ტექსტი ასხამს ხოტბას და ზოგი მათგანი, მაგალითად, რიგ ვედა, ძალზე გრძელია. ეს ტექსტი, ახ.წ. XIX საუკუნის ბოლოდან "შრი ბჰაგავატა პურანა", იმ ვედების ბოლოდროინდელი ვერსიაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა.



მაჰაბჰარატა

მაჰაბჰარატა - (სანსკ. महाभारत mahābhārata „თქმულება დიდ ბჰარატებზე“) - ძველი ინდური ეპიკური პოემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩრდილეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის ინდოელი ხალხების თქმულებები და ლეგენდები. მისი აღმოცენების ხანად ითვლება ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი. თანამედროვე სახე მიიღო ახ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში. წერილობითი ფორმით ძვ.წ.400 და ჩვ.წ. 400 წლებში ჩამოყალიბდა. მაჰაბჰარატა შეიცავს დაახლ. ასი ათას ორლექსეულს, რითაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემაა. მაჰაბჰარატა როგორც საგმირო, ასევე რელიგიურ-ფილოსოფიური ეპოსია. მის ავტორად მიჩნეულია ლეგენდარული პოეტი ვიასა, რომელსაც მაჰაბჰარატას შექმნა ღვთაება განეშამ შთააგონა. პოემა შედგება თვრამეტი თავისა და ბოლოსიტყვაობისგან. ისევე როგორც არაბული ათასერთი ღამე, მისი მთავარი შინაარი გავრცობილია მრავალი პარალელური მოთხრობით და მოკლე ეპიზოდით. მაჰაბჰარატა განიხილავს ინდუიზმის ყველა ძირითად თემას - არსებათა ყოფას, სიკვდილსა და ხელმეორედ დაბადებას, კარმასა და დჰარმას, აღწერს ბედნიერებას და ტანჯვას, კეთილი და ბოროტი ქმედების ნაყოფს, მსხვერპლშეწირვას და მის დანიშნულებას.ბჰარატას უძველესი შთამომავლობის პატრიარქს სამი შვილი ჰყავდა: დჰრიტარაშტრა, პანდუ და ვიდურა. უფროსი დჰრიტარაშტრა ბრმა დაიბადა, ამიტომ ტახტის მემკვიდრეობა შემდეგ ძმას - პანდუს - ერგო. მაგრამ პანდუმ თავისი ბრმა ძმა გაამეფა, თავად კი თავის მეუღლეებთან ერთად ტყეში გაიხვეწა, სადაც მას ხუთი ვაჟი შეეძინა - ძმები პანდავები. მათ შორის აღსანიშნავია არჯუნა, კრიშნას მეგობარი და მოსწავლე.
ბრმა დჰრიტარაშტრას ასე ვაჟი ეყოლა, ცნობილნი როგორც კაურავები.კაურავები შიშობდნენ, რომ პანდავები მათ ტახტს შეეცილებოდნენ, ამიტომ ცდილობდნენ ძმების განადგურებას. მაგრამ პანდავებს ბედი უღიმოდათ და ისინი ყოველთვის გაურბოდნენ სიკვდილს.
საბოლოოდ პანდავებს წილად ერგოთ საკუთარი სამეფო, რომელიც მათ კაურავებთან კენჭისყრაში ცამეტი წლით წააგეს. მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგაც კაურავებმა პანდავებს სამეფო არ დაუბრუნეს, რამაც მათ შორის ომი გამოიწვია.
ბრძოლა კურუკშეტრას ველზე გაიმართა (დელის მიდამო). საომარი მოქმედებების დაწყებამდე კრიშნამ არჯუნას, რომელიც, მიუხედავად კაურავების ვერაგობისა, ძმათშორისი ომის წინააღმდეგი იყო, ბჰაგავადგიტა (მაჰაბჰარატას VI თავი) მოუყვა და ომის აუცილებლობასა და სამართლიანობაში დაარწმუნა. პანდავებმა კაურავები დაამარცხეს და ტახტი დაიბრუნეს.



შივა

შივა - (სანსკ. शिव śiva ”კეთილი”) - ინდუისტური სამების (ტრიმურტი) გამანადგურებელი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და მფარველი ვიშნუს გვერდით.
თუ ბრაჰმას ფუქნცია უხსოვარ დროში მსოფლიოს შექმნა იყო, ხოლო ვიშნუს მისია ყოველ საუკუნეში იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის მრავალრიცხოვან ატარებად მანიფესტირებულმა ღვთაებრივი კანონი (დჰარმა) აღადგინოს, შივას ბედისწერამ ამდაგვარი ერთმნიშვნელოვანი როლი არ დააკისრა. იგი ინდუიზმის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენაა.
შივა არა მხოლოდ სიცოცხლის და სიკეთის წყაროა, ჰიმალაების მთებში მედიტაციაში მჯდომი ასკეტური იოგი, იგი კოსმოსური ცეკვის დიადი მეფეცაა (ნატარაჯა). მთელი მსოფლიო მისი ექსტაზის ცეცხლში ნადგურდება და ხელახლა შივას მიერვე ნაყოფიერდება, იხ. ლინგამი.



კრიშნა

კრიშნა - (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa ”შავი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს. კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა. ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ. ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა. მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა. ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია. ბჰაგავადგიტადან ქვემოთმოყვანილი ციტატა კრიშნას, როგორც უზენაესის, ნოუმენალურ არსს გადმოცემს ლაკონურად: "მე ვარ მარადიული სული, მსოფლიოს განმგებელი.ბუნება მე მემორჩილება. მე ვევლინები მსოფლიოს, როცა იგი ქაოსში იძირება და მასში კანონზომიერება ირღვევა. კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად."



ინდრა

ინდრა - (სანსკრ. इन्द्र indra ”ხელმწიფე”) - ინდუისტური უძველესი ღვთაება, წვიმის მწირავი და ღმერთთა მეფე.
ძველ ინდოეთში ინდრას კულტი ძლიერად იყო გავრცელებული, რომელიც შემდგომში ტრიმურტით და სხვა უფრო პოპულარული ღვთაებებით შეიცვალა.




ჯაგანნათა

ჯაგანნათა - (სანსკრ. जगन्नाथ jagannātha ”მსოფლიოს განმგებელი”) - ინდუისტური ღვთაება კრიშნას დაუმთავრებელი გამოსახულება ქ. პურის (ორისა, ინდოეთი) ჯაგანნათას ტაძარში. გადმოცემით ჯაგანნათა კრიშნას ძვლებზე აგებული უზარმაზარი ქანდაკება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის დამთავრებას ადგილობრივი ხელისუფლის მოუთმენლობამ ხელი შეუშალა.
ჯაგანნათა კრიშნას მიმდევრებისთვის, როგორც რელიკვია, დიდ როლს თამაშობს. წელიწადში ერთხელ პურიში მას ეტლზე ათავსებენ, რომელსაც მორწმუნეთა ხალხმრავალი პროცესია თოკებით ექაჩება. ამ რიტუალის დროს ყველაზე ფანატიკური მიმდევრები ეტლს ბორბლებქვეშ უვარდებიან, ვინაიდან ამგვარად გარდაცვლილთა სულები მაშინვე ”მსოფლიოს განმგებლის” ადგილსამყოფს აღწევენ.



მურუგანი სკანდა, კარტიკეია

მურუგანი სკანდა, კარტიკეია - (ტამილი: மு௫கன்) - ინდუისტური ღვთაება შივას და მისი მეუღლე დურგას შვილი, ომის ღმერთი.
არსებობს მის დაბადებასთან დაკავშირებული რამდენიმე ერთმანეთის გამომრიცხველი ლეგენდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ღვთაებაში არიული სკანდა, იგივე კარტიკეია და დრავიდული მურუგანი ერთ პიროვნებაში გაერთიანდა.
პარადოქსულია, რომ ომის ღვთაების კულტი სამხრეთ ინდოეთის მშვიდობამოყვარე ხალხებში ძლიერ არის გავრცელებული (მსოფლიოს ამ რეგიონში ისტორიას დიდი ომები არ ახსოვს).



ჰანუმანი

ჰანუმანი - (სანსკრ. हनुमान hanumān ”გატეხილი ყბა”) - ინდუისტური ღვთაება რამას ერთგული მეგობარი.
რამაიანა მოგვითხრობს, რომ ქარის ღვთაების და მაიმუნის შთამომავალი ჰანუმანი რამას ეხმარება სიტას რავანასგან დახსნაში: ცეცხლმოკიდებული კუდით იგი ხტება შრი-ლანკას კუნძულზე და რავანას ქალაქში ხანძარს აჩენს.
ჰანუმანის კულტი ძირითადად ვიშნუს (კრიშნას და რამას) თაყვანისცემლებშია გავრცელებული.



პარვატი

პარვატი - (სანსკ. पार्वती pārvatī ”მთისა”) - ინდუისტური ქალღმერთი დურგას, დამანგრეველი ღვთაება შივას მეუღლის, ”ლმობიერი” მანიფესტაცია, მრისხანე კალის საპირისპირო სახე. ინდუიზმში იგი ბრწყინვალებას, სათნოებას და სილამაზეს განასახიერებს.
ინდოეთში პარვატის ძირითადად გასათხოვარი ქალიშვილები სცემენ თაყვანს და უხვი მსხვერპლშეწირვებით (ყვავილებით და ხილით) მდიდარ და ლამაზ საქმროს ინაღდებენ.



განეშა

განეშა - (სანსკ. गणेश gaṇeśa ”მხედართმთავარი”) - ინდუიზმის პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება, შივას და პარვატის შვილი. განასახიერებს სიბრძნეს და წარმატებას. ლეგენდა განეშაზე ამგვარია: სპილოს თავი მას დაბადებიდანვე არ ჰქონია. განრისხებულმა შივამ მას თავი ჯერ მოჰკვეთა, შემდეგ კი თავისი მეუღლე პარვატის ხვეწნა-მუდარას ყური უგდო, ტყეში პირველშემხვედრ ცხოველს - სპილოს - თავი მოჰკვეთა, განეშას მხრებზე დაუსვა და გააცოცხლა. ”ბრძენი” ცხოველის თავით დაჯილდოებული განეშა დიდი მხედართმთავარი და მთავარსარდალი გახდა.
დღესაც ინდუისტები რაიმე ახალი საქმის დაწყებამდე, მოსწავლეები კი გამოცდების ჩაბარებამდე აუცილებლად მიართმევენ მსუნაგ განეშას უხვ შესაწირავს - ბრინჯს, ქოქოსის კაკალს, ერბოს და ტკბილეულს, რათა საყვარელმა ღვთაებამ თავისი სიბრძნე და წარმატება არ მოაკლოს მათ.



ბრაჰმა

ბრაჰმა - (სანსკრ. ब्रह्मा brahmā ”შემოქმედი”) - ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი - მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად.
ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად.
ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით.
ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა - კრიშნამ, რამამ, განეშამ და სხვა.



დურგა

დურგა - (სანსკ. दुर्गा durgā ”ძნელად შესაცნობი”) — ინდუიზმის ყველაზე მთავარი ქალღმერთი, გამანადგურებელი ღვთაება შივას მეუღლე.
დურგა არა მხოლოდ ყველა სულიერის დედაა, იგი თვით ღმერთების მშობელიცაა. ავ სულთა შემმუსვრელი და გასაჭირში მყოფთა მფარველი ქალღმერთის კულტი ძლიერ გავრცელებულია ინდუიზმის მიმდევრებს შორის, დურგასი ეშინიათ და უყვართ იგი. ყველა სხვა ღვთაებათა თაყვანისცემამდე მას როგორც „მშობელ დედას“ (მა) ეთაყვანებიან.




კალი, კალი მა

კალი, კალი მა - (სანსკ. काली kālī ”შავი”) - ინდუისტური ქალღმერთი დურგას მრისხანე განსახიერება, ღვთაება შივას მეუღლე. მისი ლმობიერი ფორმაა პარვატი. ინდუიზმის მიმდევრებისთვის იგი განასახიერებს ბოროტებასთან მარადიულ ბძოლას. მრისხანე ”დედა”, მა ჭეშმარიტების მისაღწევად რთულ გზაზე მოსიარულეთა მფარველია.



რამა

რამა - (სანსკრ. राम rāma ”შავი”, ”მუქი” ან ”მომხიბლელი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება).
ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში.
შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს.
რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია.



ვიშნუ

ვიშნუ - (სანსკრ. विष्णु viṣṇu, ”ყოვლისმომცველი”) - ინდუისტური სამების (ტრიმურტი) მფარველი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და გამანადგურებელი შივას გვერდით. ოთხხელიანი ვიშნუ განისვენებს კოსმოსურ ოკეანეში და ქმნის ახალ სამყაროებს. ფერხთით უზის ბედნიერების ქალღმერთი ლაკშმი. როგორც მფარველი ღვთაება, იგი ძილბურანიდან ყოვლეთვის მაშინ იღვიძებს, როცა მსოფლიოს საფრთხე ემუქრება. ავატარად მოვლენილი, ვიშნუ ანადგურებს ბოროტებას და აღადგენს კანონიერებას. მის ავატარათგან ყველაზე ცნობილია რამა, კრიშნა და ბუდა.



სურია

სურია - (სანსკრ. सूर्य sūrya ”მზე”) - ინდუისტური უძველესი მზის ღმერთი. მისი კულტი საუკუნეების განმავლობაში შესუსტდა და ადგილი დაუთმო უფრო ”ახალ” ღვთაებებს. სურიასთან დაკავშირებულია ინდუიზმის ყველაზე ”წმინდა” სალოცავი ფორმულა - მანტრა გაიატრი.



1 comment:

  1. გამარჯობათ თაკო.
    თქვენთან დაკავშირება მინდა. და თუ შეგიძლიათ თქვენი მეილი მომწერეთ, ან ჩემს მეილზე მომწერეთ.
    nialaa.02@gmail.com

    ReplyDelete